Tuesday, January 6, 2009

ტიტა პოეზიაში

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები


დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!

                                   მორის ფოცხიშვილი


დარდი


ია, ვარდი და ტიტა,
კალათში ერთად ზიან.
ვიღაც აგროვებს მათ
და გასაყიდად მიაქვს.
მათ კი არ უყვართ გზა.
ვინ ეკითხება მათ.
იციან მიწის შვილებმა -

არ აცოცხლებენ ხვალ.

                          ნიკა მელქაძე